ფრანსუაზ ბარე-სინუსი | |
---|---|
Françoise Barré-Sinoussi | |
ფრანსუაზ ბარე-სინუსი 2008 წელს | |
დაბ. თარიღი | 30 ივლისი, 1947 |
დაბ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ბიოლოგი, ვირუსოლოგი, directeur de recherche, უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი |
მუშაობის ადგილი | პასტერის ინსტიტუტი და French National Institute of Health and Medical Research |
ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი , ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში , King Faisal International Prize in Medicine, Women in Technology Hall of Fame , Fellow of the Academy of Medical Sciences, honorary doctorate from the McGill University, ღირსების ორდენის ოფიცერი , UCL Prize Lecture in Clinical Science, Medal of the City of Paris და ჟენევის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი |
ფრანსუაზ ბარე-სინუსი (ფრანგ. Françoise Barré-Sinoussi ; დ. 30 ივლისი, 1947, პარიზი) — ფრანგი ვირუსოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში (2008, ლუკ მონტანიესთან და ჰარალდ ცურ ჰაუზენთან ერთად). ბარე-სინუსიმ და მისმა ყოფილმა მენტორმა, ლუკ მონტანიემ პრემია მიიღეს ფუნდამენტური შრომებისთვის, რომელმაც გამოავლინა შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომის გამომწვევი — ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ).
ფრანსუაზ ბარე-სინუსი დაიბადა 1947 წელს პარიზში. ბუნებით და ცოცხალი ორგანიზმებით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული. თავდაპირველად ბარე-სინუსის მედიცინის შესწავლა სურდა, თუმცა, ოჯახისთვის თანხის დაზოგვის მიზნით გადაწყვიტა აერჩია განათლების ყველაზე მოკლე და მატერიალურად ხელმისაწვდომი გზა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას შეუდგა. პარიზის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მან მოხალისედ დაიწყო მუშაობა პარიზის პასტერის ინსტიტუტში და იქვე მიიღო დოქტორის ხარისხი 1975 წელს. დოქტურანტურის შემდგომი სამეცნიერო მუშაობა განაგრძო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კიბოს ეროვნულ ინსტიტუში (ბეთესდა, მერილენდი). საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ პასტერის ინსტიტუტში მუშაობდა და იქვე 1996 წელს გახდა რეტროვირუსების ბიოლოგიის განყოფილების (შემდგომში რეტროვირუსული ინფექციების რეგულირების განყოფილება) ხელმძღვანელი. ის აქტიურად იყო ჩართული ლუკ მონტანიეს გუნდის საქმიანობაში, რომელიც 1982 წელს შიდსის მიზეზის დადგენას ცდილობდა. 1983 წელს ინფიცირებული პაციენტის ლიმფური კვანძის დისექციის გზით მათ გამოყვეს რეტროვირუსი, რომელიც ადამიანის ლიმფოციტებს ესხმოდა თავს და რომელსაც მოგვიანებით ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) ეწოდა. ამ აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა შესაბამისი ანტივირუსული პრეპარატებისა და დიაგნოსტიკური მეთოდების განვითარება.
1988 წელს ბარე-სინუსიმ პასტერის ინსტიტუტში საკუთარი ლაბორატორია დააფუძნა. მისი ერთ-ერთი მიზანი შიდსის შესაძლო ვაქცინის შექმნა იყო. შემდგომ წლებშიც განაგრძობდა მუშაობა ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ შეძენილი იმუნური პასუხის სხვადასხვა ასპექტზე, აივ/შიდსის დროს მასპინძელ ორგანიზმში თანდაყოლილი იმუნური მექანიზმების როლზე, აივ-ინფექციის დედიდან შვილზე ვერტიკალური გადაცემის ფაქტორებზე და აივ-დადებითი ინდივიდების მცირე ჯგუფში გამოვლენილ ფენომენზე, რომელიც ხასიათდება ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გარეშე ვირუსის რეპლიკაციის დათრგუნვით („ელიტური სუპრესორები“).
ბარე-სინუსი არის ასობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქტიურად იყო ჩართული შიდსთან დაკავშირებული სხვადასხა ორგანიზაციის საქმიანობაში, კონსულტირებას უწევდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებულ პროგრამას (Joint United Nations Programme on HIV/AIDS). 1980-იანი წლებიდან აივ/შიდსის საკითხებზე თანამშრომლობდა განვითარებ ქვეყნებში მომუშავე ჯგუფებთან. 2008 წელს ბარე-სინუსმა და მონტანიემ მიიღეს ნობელის პრემია ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში. გარდა ამისა, ბარე-სინუსმი არის მრავალი სხვა ჯილდოსა და საპატიო ხარისხის მფლობელი, მათ შორის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (2006). 2012 წლის ივლისში აირჩიეს შიდსის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად. 2017 წლიდან პენსიაზეა.