უფლისწული — უფლის (მეფე-უფლის, ან ფეოდალ-უფლის) — ვაჟიშვილის აღმნიშვნელი ტერმინი ანტიკურ და შუა საუკუნეების საქართველოში; მეფის ძე თანამედროვე ქართულში.
უფლისწულს ჰქონდა ცალკე სამფლობელო ყმა-მამული — „საუფლისწულო“ (მეფის ვაჟს — სამეფო დომენში, ფეოდალის ვაჟს — საფეოდალოში).
XV—XVIII საუკუნეებში ტერმინი „უფლისწული“ იშვიათად გვხვდება წყაროებში. ამ პერიოდში მეფის ვაჟს, ჩვეულებრივ, ბატონიშვილი ეწოდებოდა, თავადის ვაჟს — თავადიშვილი, აზნაურის ვაჟს — აზნაურიშვილი. მიუხედავად ამისა, ბატონიშვილის, თავადიშვილისა და აზნაურიშვილის ყმა-მამულიდან, მაინც ძველი სახელი — „საუფლისწულო“ შერჩა ამ პერიოდშიც. ქართული სამეფო-სამთავროების, აგრეთვე სათავადოების გაუქმების შემდეგ „უფლისწულისა“ და „საუფლისწულოს“ ინსტიტუტებმა არსებობა შეწყვიტა.